ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 მაისის N987 განკარგულების შესაბამისად დავით კერესელიძეს 2026 წლის 20 მაისიდან დაეკისრა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის - დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.
დავით კერესელიძე ფონდში 2012 წლიდან მუშაობს. მას, როგორც პროფესიით იურისტს, პირველ ეტაპზე ფონდის გენერალური მრჩევლის (General Counsel ) პოზიცია ეკავა, ხოლო მოგვიანებით - ფონდის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (ადმინისტრაციის) დირექტორად დაინიშნა. იმავდროულად იკავებდა ფონდის მმართველი ორგანოს - ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოზიციას.
დავით კერესელიძეს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. 2009-2012 წლებში მას მთავრობის კანცელარიის (ადმინისტრაციის) უფროსის თანამდებობა ეკავა. მანამდე, 2004-2009 წლებში იგი იკავებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილის, საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობებს. იმავდროულად, იგი იყო ანტიკორუფციული სახელმწიფო კომისიის წევრი, სხვა რამდენიმე სამთავრობო კომისიისა და სახელმწიფო სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელი და წევრი. დავით კერესელიძე ასევე მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. 1998-2003 წლებში იგი საქმიანობდა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის ხელმძღვანელის რანგში. მანამდე, დავით კერესელიძე იყო საქართველის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აპარატის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი მრჩეველი საჯარო სამართლებრივ საკითხებში, მთავარი კონსულტანტი სამინისტროს საკანონმდებლო განზრახულებათა დეპარტამენტში, ასევე საკონსტიტუციო რეფორმის სახელმწიფო კომისიი წევრი.
საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დავით კერესელიძეს მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის (იუსტიციის გენერალ-მაიორის) უმაღლესი სპეციალური წოდება, ასევე ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
დავით კერესელიძე საჯარო სამსახურამდე საქმიანობდა კერძო სექტორში, მათ შორის საერთაშორისო კომპანიებში. იმავდროულად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მას 1994 წელს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო მოგვიანებით - ჯერ ასპირანტურა, შემდგომ კი დოქტორანტურა. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და გამოქვეყნების ავტორი. ასევე, მისი უშუალო მონაწილეობითა და ავტორობით მომზადებულია ოცამდე მოქმედი კანონის პროექტი. არის არაერთი სახელმწიფოთაშირისი და საერთაშორისო მოლაპარაკების, ასევე კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჩარიცხულია დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და მინიჭებული აქვს შესაბამისი დიპლომატიური რანგი.